სად იწყება ცისარტყელა

დღეები უცნაურად უფერულდება ქალაქში,უცნაურად და გამორჩეულად.

ჰაერიც მძიმეა,ზოგჯერ მგონია სუნთქვას შევწვეტ და დავიხრჩობი.ძნელი გასარჩევია ადამიანები აბინძურებენ ჰაერს,მანქანების გამონაბოლქვი თუ ეს ყველაფერი ერთად.

თუმცა აქ  სუნთქვაც შეწყვიტეს…ასე რომ არ იყოს,აუცილებლად იგრძნობდნენ სიმყრალის მწარე არომატს ყველგან რომ იგრძნობა და შეეშინდებოდათ მეორე ჩასუნთქვის .

აქ ცისარტყელაც არ ჩანს.შავ-თეთრი ტელევიზორივით ცხოვრობს ქალაქი-მხოლოდ შავად და თეთრად.

ცისარტყელას ალბათ სუფთა სუნი აქვს,ფერადი-წითელი და ყვითელი ,ან იასამნისფერი…მას რომ ადამიანის ხელი შეხებოდა,უმალ შავ-თეთრი გახდებოდა თვითონაც.მაგრამ არის სივრცეები,რომელსაც ჩვენი დიდი შავი დამანგრეველი ხელი ვერ სწვდება.ამ სივრცეებს სულ სხვა ფერი აქვს-ბევრი ფერი.

Continue reading

პრომეთე

მე ყოველ ღამე ვუყურებ როგორ იხრჩობა მზე ოკეანეში.

ვალდებულების არომატნარევი ნუგეშივით უღონო ვარ ამ დროს.ან როგორ ვუშველო? რომ შემეძლოს ორივე ხელს შემოვახვევდი  და   მანამდე მეჭირებოდა,სანამ ფერფლად არ ვიქცეოდი. ან..ან სულაც ოკეანეს დავლევდი მზის გადასარჩენად და მერე ცრემლებად გამოვდევნიდი ჩემგან…

თან რა ლამაზად კვდება…მუქ ვარდისფრად,ზოგჯერ წითლად ან ნარინჯისფრად.

პრომეთეს რეინკარნაცია რომ განეცადა,მზე იქნებოდა. ცეცხლს და სინათლეს აჩუქებდა ადამიანებს და მერე ჩაიღვრებოდა ჰორიზონტზე.

უზარმაზარი გავარვარებული ბურთულა,რომელიც მუდმივ წვაშია და ამ წვით აქ- პატარა დედამიწაზე სიცოცხლეს უფრთხილდება.

მზეშიც კი რამხელა ტრაგიზმია,ღმერთმანი.

Continue reading

ბეთჰოვენის უკვდავი სიყვარული

ბეთჰოვენის სიკვდილის შემდეგ (1827),მის პირად დოკუმენტებში აღმოჩენილ იქნა სასიყვარულო წერილი,რომლის ადრესატის ვინაობა უცნობია.კომპოზიტორი მას იხსენიებს,როგორც- “უკვდავ შეყვარებულს”  (immortal beloved) .

წერილი ამაღელვებელია თავისი შინაარსით,სიტყვებით,ემოციით,თავად ის ბუნდოვანებაც კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს.მისი წაკითხვის შემდეგ საოცარი სევდა დაეუფლება რომანტიკოს ( და არა მარტო) ადამიანს ,რომელიც გაიაზრებს,რომ ჩვენს თანამედროვეობაში ასეთი სიტყვები იშვიათად თუ იწერება სიყვარულისთვის.

ეს არ არის წერილი,ესაა ემოცია,გრძნობა,ტკივილი…

a.aaa-bethoven-music

ახლა კი დროა წარსულში ვიმოგზაუროთ:

Continue reading

მაინც რა არის ჩემი რელიგია?

საიდან მოდის ეს წყლის წვეთებიო-ფიქრობდა ადამიანი და წვიმას უყურებდა.

და გაჩნდა წვიმის ღმერთი.ბევრი სხვაც…

ვინ ვარ მე ასეთი,სხვა არსებებისგან გამორჩეული?-ფიქრობდა ადამიანი.

და გაჩნდა ღმერთი-ხატად ადამიანისა.ადამიანი კი ხატად ღვთისა.

ყვავილი თესლისგან იზრდება,ადამიანი მშობლის მუცლიდან,სამყარო ვინღა შექმნა?-ფიქრობდა ადამიანი.

და გაჩნდა ღმერთი-პირველსაწყისი.

Continue reading

“დასაბამიდან იყო სიტყვა …”

ჩემს წინ გადაშლილ ორ თეთრ ფურცელს ვხედავ,ჯერ კიდევ შეუვსებელს გრძნობებით,რომელთაც სიტყვების მილიონი კომბინაციაც ვერ გამოხატავს ბოლომდე.

რა უღონოა სიტყვა ზოგჯერ…მაგრამ ჯიქურ ვცდილობთ წარმოვთქვათ მანამ,სანამ გაცვეთილი ყბები უკანასკნელად არ აამოძრავებს ჟანგიან სახსარს და იქვე ააფეთქებს ყველა ასოს,გაფანტავს უიმედოდ და მერე სიჩუმე ისადგუებს სამარადისოდ.

ნეტავ სიჩუმე გვესმოდეს.სიჩუმეს არ სჭირდება კომბინაცია.მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ უღონო სიტყვებს,რომ აღარ გვესმის უსიტყვობის სიმშვიდე.

თეთრი ფურცელი ნელ-ნელა ივსება უღონო ასოებით.

ჩემს ხელს ვხედავ .მზე ფანჯრიდან იჭრება ,ფარდის მაქმანებიდან იღვრება და კანზე იხატება ლამაზ შუქ-ჩრდილებად.ფურცლის გასწვრივ  პაწაწინა მტვრის ნაწილაკები მოძრაობენ მოუსვენარი ბავშვებივით,თვალს ვაყოლებ და ფანჯრის მიღმა მდგარ ახლადაყვავებულ ბლის ხეზე ჩერდება შთაგონებული მზერა.

საიდან გაჩნდა სიცოცხლე ამ ხის კვირტებში,მტვრის ნაწილაკებში,უღონო სიტყვებში,ან ჩემში? ან სად ქრება ასე უკვალოდ?

ღმერთია სიცოცხლე  თუ სიცოცხლეა ღმერთი?

Continue reading

სიცოცხლის სუნთქვა

ფანჯრებს მიღმა სიცოცხლე ხმაურობს.ისე ღრმად და ნოყიერად ისრუტავს ყოველ დღეს,როგორც მოხუცის უკანასკნელი ხარბი ჩასუნთქვა ჰაერს.

გაზაფხულმა აუჩქარა სუნთქვა.

მასაც და ადამიანებსაც.

საყოველთაო ჟრიამულის  მძაფრი სუნი იგრძნობა ყველგან.

ეს სუნი…თითქოს ისეთი ნაცნობია,მაგრამ ვერა,ვერ ვიხსენებ.

ხრწნადი ლეშის სუნი,აი ეს მახსოვს მხოლოდ.ალბათ იმდენი ვიყნოსე,რომ ჟრიამულს ვეღარ შემოუღწევია.

როგორ ვგრძნობ ფილტვების სიმძიმეს!მძიმეა…

Continue reading

I was in the darkness So darkness i become

ღამე დამშეული კრონოსივით ყლაპავს ყოველ დღეს.ყლაპავს დაუსრულებლად.

მერე თვითონ კვდება.

უზარმაზარი შავი ფენიქსია ღამე,რომელიც ყოველი მკვლელობის ჩადენის მერე სისხლიან ხელებს უყურებს, სინანულით იწვის,იფერფლება და ღსდგება მკვდრეთით,რათა კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინოს.

ადამიანებს ვგავარო-ფიქრობდა ღამე.ისინიც ერთმანეთს კლავენ,რათა იცოცხლონო.გადარჩნენო.

მაგრამ სანამ პირველად ძმა მოკლავდა ძმას,ღამეს უკვე მოკლული ჰყავდა დღე.

იტანჯებოდა ძმისმკვლელი ღამე.

იმდენი იტანჯა,რომ შეეჩვია,შეუყვარდა.მერე ღამემ და ტანჯვამ მელანქოლია შვეს.

მელანქოლიას ადამიანები შეუყვარდა.

ცალმხრივად.

Continue reading

ნახევრის-ნახევრული ყოფა,ანუ ტრამალის მგლები

ჰერმან ჰესე,ეს ის მწერალია,რომელზეც ან ყველაფერი უნდა დაწერო,ან არაფერი.ამ ადამიანს სძულდა ყველანაირი შუალედი,ამიტომ მეც დავყვები მის ნებას და არაფრის დაწერას ავირჩევ,რადგან ყველაფერს უბრალოდ ვერ დავწერ.სამაგიეროდ დავწერ მის შემოქმედებაზე,რომლის მეშვეობითაც,ფაქტობრივად,ავტორის სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებში ვიჭრებით და “მგლურ” ცხოვრებაზე.

მახსოვს პირველად ჰესე რომ წავიკითხე როგორ დაიშალა ჩემი პიროვნება და დიდი,დიდი დროის შემდეგ შეერთდა  გაფანტული ნაწილები.ასე მემართება ახლაც.

“დამსვენებელი” იყო პირველი ნაწარმოები,რომელმაც მის უსასრულოდ ღრმა სულში შემიღო კარები. აქ მან პირველად უწოდა საკუთარ თავს “ტრამალის მგელი” -გზააბნეული,ტანჯვისთვის განწირული,მარტოსული ადამიანი-მგელი.

“თუ არ დაიკარგე,ვერ აღმოაჩენ უცნობ ადგილებს” -ვუთხარი ჩემს თავს და გადავწყვიტე დავკარგულიყავი ჰესეში.დავიკარგე კიდეც გრძელ ლაბირინთში და უცნობი ადგილებიც ვიპოვნე.უცნობი ადგილები ჩემსავე თავში.ახლა გადის დრო და ნელ-ნელა უფრო ახლოს მივდივარ “ტრამალის მგლის” ცნებასთან,კარგია ეს თუ ცუდი.

თავად ამ ცნებას რაც შეეხება,ჰესე შეეეცადა ორ საპირისპირო საწყისში გაეერთიანებინა ადამიანური თვისებები-მგელსა და ადამიანში.ადამიანში ყველანაირი სიკეთე,ხოლო მგელში უარყოფითი საწყისები.ის გვიხატავს როგორ მტრობს ეს ორი მხარე ერთმანეთს და ასევე როგორი საჭიროა მათი ერთიანობა.თუმცა შემდეგ ცხადყოფს რომ ადამიანის ორ საწყისად დაყოფა ფრიად სულელური საქციელია,რადგან იგი უამრავ საწყისს მოიცავს და უბრალოდ შეუძლებელია ეს ყველაფერი ასე მცირემდე დავიყვანოთ.

პირადად ჩემთვის ერთი რამ ნათელია,არსებობენ “სულის ადამიანები”  ,რომლებშიც თითქოს ერთი სულის სხვადასხვა ნაწილია ჩადებული და ეს აერთიანებთ მათ.ასეთი სულის ადამიანია ჰესე ჩემთვის და კიდევ ბევრი ჩემნაირი დაკარგული ადამიანისთვის,საბოლოოდ კი თითოეული ჩვენთაგანი ერთმანეთისთვის.

Continue reading

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

აქ მუდამ ღამეა.შავი მზე აბნელებს  შავ მიწას და შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანები შავ გონებას შავ ძილში კარგავენ.

დღეები ერთმანეთს მონოტონურად ენაცვლებიან,ერთფეროვნება იღვრება თითოეული სახლის კარიდან და ერთადერთი ,რაც იცვლება, მაღაზიის ვიტრინებში მდგარ მანეკენზე ჩაცმული კაბის სიგრძეა.

ადამიანები თავად ირჩევენ უსამართლობას და შემდეგ ცხვრებივით ემორჩილებიან მას. ესეც ამათი თავისუფლება-ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

დოგმების ბორკილებისკან უკვე სისხლი სდით და ეს სისხლი წმინდა ჰგონიათ.ვერ ხედავენ ციხეში რომ ჰყავთ გამომწყვდეული ტვინის ის უჯრედები,ფიქრს რომ უწყობენ ხელს.

დედამიწას უკვე კერძო საკუთრება ჰქვია და არა პლანეტა.ადამიანებს კი…ყველაფერი,გარდა ადამიანისა.

385095_298524750200053_1074057933_n

უსახო  სახეები ტელევიზორს მისჩერებიან,სადაც ალისა შავად ღებავს თეთრ ვარდებს საოცრებათა ქვეყანაში,რომელიც სულაც არაა საოცარი.

Continue reading

წარსული

წარსული უნდა წარვიდეს რომ წარსულდეს.მე არ მაქვს წარსული,რადგან იგი არსად არ წასულა.

წარსულმა აწმყოში სულის ნაწილი ჩადო და გალიაში გამოკეტა რომ არსად გაქცეოდა.ჩემი აწმყო სამუდამო პატიმრობაშია.

წარსულს მომავლის მკვლელობა აქვს განზრახული.ზურგსუკან უდგას დანით ხელში და ყოველ გამონათებას ტკივილით ამუქებს.ჩემს მომავალს არა აქვს მომავალი.

წარსულის შიში …როდესაც ნაცნობი ადგილების ძველი ჩრდილები არ შორდებიან შენს მეხსიერებას და აწმყოს ეფარებიან.როდესაც არსებობს “იქ” და მაშინ” ,მაგრამ არ არსებობს “აქ ” და “ახლა”.

წარსულით დაავადებული უმწეო სხეული…უიმედობით,სასოწარკვეთით,სევდით,მინორით,ნისლით,სიცარიელით სავსე.

წარსულად გადაქცეული მთელი ჩემი ცხოვრება და იქ მძინარე ჩემი თავი,რომელმაც ძალიან,ძალიან მინდა გაიღვიძოს და გისოსები გაანგრიოს.

წარსულო …წარსულო.

masculine