,,ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…”

დიახ,ერთი,სულ მარტო.

მარტო-სული.სული,რომელიც მარტოა.ზოგჯერ ვფიქრობ,თუ ჭეშმარიტება სადღაც მართლაც არსებობს,ასეთ უბრალო სიტყვებში უნდა ვეძებოთ,მაგრამ აქაც კაცმა არ იცის მივაგნებთ თუ არა რაიმეს.აი მთელი ადამიანური აბსურდი სად იმალება: ვეძებთ არარსებულ ჭეშმარიტებებს და უფრო მეტიც-გვჯერა მათი .ადამიანები პატარა უსუსურ ბავშვს ვგავართ,რომელიც დედამ მიატოვა.ჩვენ დღემდე ვეძებთ დედას.ჩვენ გვჭირდება დამსჯელი,ამკრძალველი,მზრუნველი ზეარსება,რადგან საკუთარი თავისვე გვეშინია.

ადამიანი პატიმარია,რომელიც თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში ჯერარჩადენილი დანაშაულისთვის.სწორედ აქ დაიწყო დანაშაული.აქ გაჩნდა ილუზიები აწდაკარგულ “სამოთხეზე” და დაიწყო ოცნების ეპოქა,ბრძოლა ბედნიერებისთვის.

იქ სადაც ბრძოლაა,არის სისხლიც.მრავალი ხის ფესვი სწორედ ამ სისხლით არის ნაკვები და მიწა ,რომელზეც დავდივართ,გახრწნილი ადამიანებით არის სავსე.ადამიანებით,რომლებიც მისი აღმატებულება “ბედნიერებისთვის” იბრძოდნენ.ჩვენდა გასაკვირად ეს ნანატრი ჰარმონია ვერცერთმა რევოლუციამ ვერ დაამყარა.სამაგიეროდ ამ პროცესში ჰომო საპიენსის ღრმად გენიალურმა ტვინმა შექმნა ატომური ბომბი,ელექტროსკამი,გაზის კამერები,ეშაფოტი და სხვა მრავალფეროვანი ადამიანთთმმუსვრელი.განსაკუთრებული წვლილი მაინც ინკვიზიციას მიუძღვის,რომლის დროსაც სრულებით გამომჟღავნდა ჩვენი პრაქტიკული გონების შესაძლებობანი.

Continue reading

Advertisements

ნახევრის-ნახევრული ყოფა,ანუ ტრამალის მგლები

ჰერმან ჰესე,ეს ის მწერალია,რომელზეც ან ყველაფერი უნდა დაწერო,ან არაფერი.ამ ადამიანს სძულდა ყველანაირი შუალედი,ამიტომ მეც დავყვები მის ნებას და არაფრის დაწერას ავირჩევ,რადგან ყველაფერს უბრალოდ ვერ დავწერ.სამაგიეროდ დავწერ მის შემოქმედებაზე,რომლის მეშვეობითაც,ფაქტობრივად,ავტორის სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებში ვიჭრებით და “მგლურ” ცხოვრებაზე.

მახსოვს პირველად ჰესე რომ წავიკითხე როგორ დაიშალა ჩემი პიროვნება და დიდი,დიდი დროის შემდეგ შეერთდა  გაფანტული ნაწილები.ასე მემართება ახლაც.

“დამსვენებელი” იყო პირველი ნაწარმოები,რომელმაც მის უსასრულოდ ღრმა სულში შემიღო კარები. აქ მან პირველად უწოდა საკუთარ თავს “ტრამალის მგელი” -გზააბნეული,ტანჯვისთვის განწირული,მარტოსული ადამიანი-მგელი.

“თუ არ დაიკარგე,ვერ აღმოაჩენ უცნობ ადგილებს” -ვუთხარი ჩემს თავს და გადავწყვიტე დავკარგულიყავი ჰესეში.დავიკარგე კიდეც გრძელ ლაბირინთში და უცნობი ადგილებიც ვიპოვნე.უცნობი ადგილები ჩემსავე თავში.ახლა გადის დრო და ნელ-ნელა უფრო ახლოს მივდივარ “ტრამალის მგლის” ცნებასთან,კარგია ეს თუ ცუდი.

თავად ამ ცნებას რაც შეეხება,ჰესე შეეეცადა ორ საპირისპირო საწყისში გაეერთიანებინა ადამიანური თვისებები-მგელსა და ადამიანში.ადამიანში ყველანაირი სიკეთე,ხოლო მგელში უარყოფითი საწყისები.ის გვიხატავს როგორ მტრობს ეს ორი მხარე ერთმანეთს და ასევე როგორი საჭიროა მათი ერთიანობა.თუმცა შემდეგ ცხადყოფს რომ ადამიანის ორ საწყისად დაყოფა ფრიად სულელური საქციელია,რადგან იგი უამრავ საწყისს მოიცავს და უბრალოდ შეუძლებელია ეს ყველაფერი ასე მცირემდე დავიყვანოთ.

პირადად ჩემთვის ერთი რამ ნათელია,არსებობენ “სულის ადამიანები”  ,რომლებშიც თითქოს ერთი სულის სხვადასხვა ნაწილია ჩადებული და ეს აერთიანებთ მათ.ასეთი სულის ადამიანია ჰესე ჩემთვის და კიდევ ბევრი ჩემნაირი დაკარგული ადამიანისთვის,საბოლოოდ კი თითოეული ჩვენთაგანი ერთმანეთისთვის.

Continue reading

ცოცხლად დამწვარი

 ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული  ერთგავრი პროტესტია, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ.წიგნში აღწერილია თანამედროვე რეალობა,რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს.

სუადი იმ სასტიკი ტრადიციის მსხვერპლია,რომლის გამოც უამრავი ქალი იღუპება, დღესაც კი.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,არსებობს ისეთი ქვეყნები,სადაც ცხოველსაც კი ქალზე უკეთ ეპყრობიან,სადაც ქალის წამება და მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია.

სუადი დაიბადა სოფელში,სადაც ქალის დაბადება წყევლის ტოლფასია.აქ პატრიარქატის სრული ძალაუფლება ყოველდღე უამრავ მსხვერპლს სწირავს სასტიკ ტრადიციას და ამას “ღირსების დანაშაულს” უწოდებს.

სუადისთვის არსებობს მხოლოდ საკუთარი  სოფელი და დანარჩენი სამყარო.მან არ იცის რა ხდება სხვაგან,ვერც კი წარმოუდგენია, რომ ქალმა შეიძლება თავაწეულმა იაროს.ქალებს განათლების მიღების უფლება არ აქვთ,ეს პრივილეგია მხოლოდ მამაკაცებს ენიჭებათ.

გოგონა  იმდენადაა შეჩვეული ცემას და დამცირებას,რომ  დღე,როცა მას არ სცემენ (ეს ძალიან იშვიათად ხდება) ,არასრულფასოვნად მიაჩნია.

„ წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ცემის გამო დაეწუწუნა-ეს ბუნებრივად მიიჩნეოდა, ეს ყველას ემართებოდა…“

საფრთხეს არც მეტი და არც ნაკლები-ოჯახის წევრებისგან უნდა ელოდე.ისინი თვალის დაუხამხამებლად გამოგასალმებენ სიცოცხლეს.ან რას უნდა ელოდე დედისგან,რომელმაც ახლადგაჩენილი ჩვილი გაგუდა მხოლოდ იმიტომ,რომ გოგო იყო,ან ძმისგან ,რომელმაც საკუთარი და დაახრჩო და ამით “ღირსება” დაუბრუნა ოჯახს.

ტრადიციების მიხედვით,18 წლის ასაკში თუ გაუთხოვარია ქალი,მასშინ ის უკვე შინაბერაა.გათხოვება ერთგვარი ბიზნეს-გარიგებაა ოჯახის უფროსისთვის.

„თუ გაუთხოვარი ქალის მზერა მამაკაცის მზერას შეხვდა, მთელი სოფლისთვის “შარმუტაა”, ანუ მეძავი“

„თუ გათხოვილი მეზობელი ან ნაცნობი ბილიკზე გაუთხოვარს მარტო იხილავს, დედის ან უფროსი დის გარეშე ამის გამოც სამუდამოდ შარმუტაა…“

სუადს მეზობელი ბიჭი შეუყვარდება და მისგან დაურსულდება,თუმცა როდესაც ბიჭი ამ ამბავს გაიგებს,გოგონას ზურგს აქცევს და უჩინარდება.მარტო დარჩენილი გოგონა გამოსავალს ეძებს,ქვას ირტყამს მუცელში,ცდილობს მუცელი მოიშალოს.იცის ,რომ მას მოკლავენ.რამდენიმე თვის შემდეგ სუადის ორსულობა აშკარა ხდება და ოჯახის წევრებიც გადაწყვეტენ “ღირსების შემლახავი” შვილი მოკლან და საკუთარ სიძეს ავალებენ ამის გაკეთებას.

ერთ დღესაც მასთან მოდის სიძე და თავზე ნავთს ასხამს,შემდეგ კი ცეცხლს უკიდებს.

„ჩემი მეხსიერება კვალმა წაშალა იმ დღეს, როცა ჩემი სხეული ცეცხლის ალში გაეხვა“ 

სასტიკად დამწვარი და ნაწამები საავადმყოფოში ხვდება,სადაც საჭმელსაც კი არ აჭმევენ,რადგან ელოდებიან როდის მოკვდება.საავადმყოფოში მოსული სუადის დედა ცდილოს საწამლავით მოკლას შვილი,მაგრამ ეს არ გამოსდის.

ამ დროს სუადი 7 თვის ორსული იყო.სწორედ საავადმყოფოში ყოფნის დროს გააჩინა ბავშვი.წარმოიდგინეთ როგორი ტკივილით უნდა იტანჯებოდეს დამწვარი სხეული,რომ მშობიარობის დროს ვერაფერი ვერ იგრძნოს..ასეთ საშინელ პირობებში დაიბადა მარუანი-სუადის ვაჟიშილი,რომელმაც დედა 20 წლის შემდეგ ნახა.

საბოლოოდ,სუადს მშველელი გამოუჩნდა,რომელმაც იგი სხვა ქვეყანაში წაიყვანა სამკურნალოდ,სადაც მისი ახალი ცხოვრება დაწყო.თუმცა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა წარსული,რომელმაც საშინელი იარები დაუტოვა როგორც სულზე,ასევე სხეულზე.

სუადი გამონაკლისია ასეთ შემთხვევებს შორის,რადგან ოჯახის წევრები რამდენიმე წლის შემდეგ  აგნებენ გადარჩენილ მსხვერპლს და მაინც კლავენ.

სამწუხაროდ,ასეთი მკვლელობები დღესაც ხდება  და ,ალბათ ,ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ ტრადიციის აღმოფხვრას.

მომავალ პოსტამდე .

კლოუნის თვალთახედვა

 ზოგადად,ბაშვობიდან მომწონდა კლოუნები .განსაკუთრებით,მოწყენილი კლოუნები,უფრო განსაკუთრებით კი პიერო…

აბა რა ნამუსით უნდა მევლო დედამიწაზე ერთ-ერთი კლოუნის თვალთახედვას რომ არ გავცნობოდი,ასე რომ ხელთ ვიგდე ჰაირნრიხ ბიოლი ეს შედევრი.

მთავარი გმირისჰანს შნირის “თვალთახედვა” საკმაოდ საინტერესო გამოდგა,რიგითი კლოუნის კვალობაზე.ეს არის ადამიანი,რომელსაც აქვს  პროტესტი იმ გარემოს მიმართ,რომელშიც თვითონ ცხოვრობს.სხვათაშორის, პროტესტის ერთ-ერთი საგანი ჰანსის დედაა,რომელმაც ჰანსის და-ჰენრიეთე საზენიტო სამხედრო ნაწილებში გაისტუმრა,სადაც ის დაიღუპა.ჰანსმა ეს ამბავი ვერაფრით მოინელა…

ჩვენი კლოუნი იმ ამბავმაც საზარლად შეძრა,როცა მის თვალწინ პატარა ბიჭს გეორგს ხელში ყუმბარა აუფეთქდა და თვითონაც აფეთქდა,გარშემომყოფების რეაქცია კი მხოლოდ ერთი ცივი და ულმობელი წინადადებით გამოიხატა-“საბედნიეროდ გეორგი ობოლი იყო”.

ჰანსი საკმაოდ მარტოსული ადამიანია,მისი ცხოვრება უსაშველოდ ერთფეროვანია.

“კარგი პიერო ვიქნებოდი,მაგრამ შემეძლო კარგი კლოუნიც ვყოფილიყავი”

ბატონ შნირს რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აქვს-მას აწუხებს მელანქოლია,ალკოჰოლიზმი,თავის ტკივილები და მონოგამიისაკენ მიდრეკილება.მას შემდეგ,რაც სატრფომ-მარიმ მიატოვა,სხვა ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია და ვერც წარმოიდგენს,როგორ უნდა აკეთოს “ის საქმე” (როგორც თვითონ უწოდებს) სხვა ქალთან.

ერთი უცნაური თვისებაც აქვს-ტელეფონის მეშვეობით სუნსაც აღიქვამს,ასე რომ ზოგჯერ ტელეფონით საუბრის დროს მოხარშული კომბოსტოსა და იაფასიანი  სუნამოს სუნრელსაც შეიგრძნობს.

ჰანსს აღიზიანებს ფსევდომორწმუნეები,რომლებითაც სავსეა მისი ქალაქი.არ მოსწონს ქორწინებასთან დაკავშირებული  უსამართლო კანონები და დოგმები.

“-გაოცებული და გონებაჩლუნგი იმ  ძაღლების გამო უნდა იყოთ,თავიანთი ცოლები კანონიერ საკუთრებად რომ მიაჩნიათ.მას შემდეგ,რაც შევიგნე,რომ მამრობით სქესს ვეკუთვნი,არაფერზე ვფიქრობ იმდენს,რამდენსაც ამ საქმეზე და თქვენ ეს გაოცებთ?”

ბიოლისეული კლოუნის თვალთახედვის მიხედვით “ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია,ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი”.

რაღა დასამალია და კლოუნის პიროვნებაში ჩემი თავი აღმოვაჩინე,მელანქოლიით დაწყებული,შეხედულებებით დამთავრებული.

აბა მე მეტი რაღა ვთქვა,დანარჩენს თვითონ წიგნიდან გაიგებთ და კლოუნსაც პირადად გაიცნობთ 🙂

მოლ ფლენდერსი

   ეს რომანი ცნობილ ინგლისელ მწერალს-დანიელ დეფოს ეკუთვნის.პირადად ჩემთვის,ამ მწერლის პირველი ნაწარმოები იყო,რომელიც წავიკითხე და საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი.

ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი და საკმაოდ მსუბუქად იკითხება,ამავდროულად შეუნელებელი ინტერესით.

რომანში მოთხრობილია ქალის ცხოვრება,რომელსაც თვითონ გვიყვება მთავარი გმირი.მას სურს,რომ გაგვიზიაროს ცხოვრებისეული გამოცდილება და დასკვნების გამოტანას თავად მკითხველს ანდობს.ამრიგად,ნაწარმოები მრავალი ცხოვრებისეული მაგალითითაა გაჟღენთილი და დამრიგებლური ხასიათისაა.

ეს არის ცხოვრება ქალისა,რომელიც ციხეში დაიბადა.იზრდებოდა  ერთ ღატაკ დედაკაცთან.შემდეგ “ბედმა გაუღიმა”  და შეძლებული ხალხის ოჯახში მოხვდა,სადაც მისი გარყვნილი ცხოვრების გზა დაიწყო.

ბუნებამ იგი სილამაზით დააჯილდოვა.გულუბრყვილობის გამო შეცდენილ იქნა  18 წლის ასაკში.

 “ყველაზე ბრწყინვალე ადამიანი ზოგჯერ ყველაზე ბნელ მიზნებს ისახავს,სხვის ზრახვათა მიმართ. “

გათხოვილი იყო 5-ჯერ,მათს შორის ერთხელ ღვიძლ ძმაზე(ეს ამბავი მაშინ გაიგო,როდესაც სრულიად შემთხვევით შეხვდა დედას).

   “თავი არ შემიძლია შევიკავო,რათა არ ვუთხრა ქალებს,რომ ისინი ძალზე მდაბლად აფასებენ ცოლის მდგომარეობას.ეს კი უიმისოდაც საკმაოდ მდაბალია.ისინი თვითონ იმცირებენ თავს,იმზადებენ დამცირებას მომავალში,როცა ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე თავიდანვე უფლებას ძლევეენ მამაკაცს,წყენა მიაყენოს მათ.”

მრავალი  წლის განმავლობაში გარყვნილებასა და ქურდობას ეწეოდა.სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მას მოლ ფლენდერსი.ნამდვილ  სახელს და გვარს კი არ გვიმჟღავნებს.12 წელიწადი ქურდობით ირჩენდა თავს და სკამოდ იღბლიანიც კი იყო თავის საქმიანობაში.საბოლოოდ,ფლენდერსი დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს,მაგრამ გაუმართლა და სიკვდილს ხელიდან დაუსხლტა.ციხეში ის ერთ-ერთ ქმარს შეხვდა(რომელიც ასევე ქურდობით ირჩენდა თავს) და ერთად წავიდნენ გადასახლებაში ვირჯინიაში,სადაც მომავალში  კარგი ცხოვრება აიწყვეს.

მოლი უმეგობროდ იყო.გვერდით არ ჰყავდა მრჩეველი და ჭკუის დამრიგებელი,რაღაცმხრივ ამანაც განაპირობა მისი ცხოვრების ამ გზით წარმართვა.

“უმეგობროდ დარჩენა სიღატაკის შემდეგ ყველაზე ძნელია,ეს არის უბედურება,რომელიც კი შეიძლება ქალს დაემართოს.ვამბობ ქალს-მეთქი ,რადგან მამაკაცები საკუთარი თავის მრჩევლები და ხელმძღვანელები თვითონ შეიძლება იყვნენ,მათ აქვთ უნარი ძნელი მდგომარეობიდან უკეთ გამოვიდნენ,ვიდრე ქალები.მაგრამ თუ ქალს მეგობარი არ ჰყავს,რომელსაც გაუზიარებს თავის გასაჭირს,ჰკითხავს რჩევას,სთხოვს დახმარება,ასეთი ქალი დაღუპულია და ეგ არის.და რამდენადაც მეტი აქვს ქალს ფული,მით უფრო მეტია გაბრიყვებისა და მოტყუების საფრთხეც.”

“როდესაც ქალი მარტო რჩება და მოკლებულია რჩევას,იგი ძალზე ჰგავს შარაგზაზე დაგდებულ ფულის ქისას ან ძვირფას თვალს,რომელიც პირველი გამვლელის ხელში ხვდება.თუ წესიერი და პატიოსანი კაცი იპოვნის,ნაპოვნს გამოაცხადებს და შეიძლება პატრონიც გამოჩნდეს,მაგრამ უფრო ხშირად ამგვარი ნივთები ხვდება ისეთი ადამიანების ხელში,რომლებიც უსირცხვილოდ იღებენ და ითვისებენ.”

მოლ ფლენდერსს მრავალ მამაკაცთან მოუწია ურთიერთობა,თავისი ბნელი ცხოვრების განმავლობაში,ამიტომ საკუთარი თავგადასავლების მაგალითზე გვიჩვენებს ზოგიერთი მამაკაცის სახეს.

“არაფერია ღვინით გალეშილ მამაკაცზე საზიზღარი და სასაცილო.ასეთ კაცს ერთდროულად ორი სატანა ეუფლება და მის გონებას ისევე არა აქვს უნარი მართოს სხეული,როგორც წისქვილს  არ შეუძლია უწყლოდ ტრიალი.უზნეობა ფეხქვეშ თელავს ყველაფერს,რაც კი მასში კეთილი იყო,მისი ცნობიერებაც კი დაბნელებულია ავხორცობით და იგი ერთ სისულელეს მეორეზე ჩადის.”

საბოლოო ჯამში,უკვე მოხუცებულობის ჟამს,მოლიმ პატიოსანი ცხოვრება დაიწყო და ისე გარდაიცვალა,რომ ცოდვები მოუნანიებელი არ დარჩენია.

მოლი ამბობს : ” ჩემი მოთხრობიდან ჭკუის სასწავლებელ დარიგებათა ამოკრეფა თვითონ მკითხველისთვის მიმინდია,რადგან მქადაგებლად არა მგონია გამოვდგე,დაე ზნედაცემული ქალის ცხოვრების გამოცდილება გაფრთხილება იყოს მისთვისო”  მე კი,როგორც მკითხველმა,შევასრულე მოლის ნათქვამი და ამოვკრიბე ჭკუის სასწავლებელი დარიგებები,რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

მაშ ასე,ასეთი იყო მოლი ფლენდერსის ცხოვრება.გარყვნილებით,დანაშაულით,თავგადასავლებით აღსავსე,მაგრამ კეთილი დასასრულით. ახლა კი მეც,მოლისი არ იყოს,მკითხველისთვის მიმინდია არჩევანი-წაიკითხოს თუ არა ეს წიგნი.

მუდამ თქვენი ნენსი.

მომავალ პოსტამდე 🙂