მცნება#3 – არ გააიდეალურო

პირველ რიგში,შევთანხმდეთ,რომ ყველა ადამიანს აქვს შექმნილი რაღაცის იდეალი.მათს შორიც მეც,რა თქმა უნდა.

ბედნიერი სამყარო,პლატონური სიყვარული,”თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი”, დედა,მამა,სილამაზე…

ეს და სხვა იდეალები ისეთი იდეალურია,რომ  მხოლოდ მიახლოვება თუა შესაძლებელი მათთან.

არსებობენ ადამიანები,რომლებიც იდეალებით ცხოვრობენ  და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მათ შენატრიან.ამ კატეგორიას ცოტა არ იყოს და უჭირს რეალობის კვალდაკვალ სიარული და მთელ ცხოვრებას რაღაცის ძიებაში ატარებს. არა მარტო ისინი,არამედ ზოგადად ადამიანთა რასა.

ის ფაქტი,რომ ეს ძიება დაუსრულებლად გრძელდება,საეჭვოა იდეალი ოდესმე არ დაიმსხვრეს.

ვთქვათ,მე მაქვს წარმოდგენილი იდეალური სახლი,გავიდა დრო და ავიხდინე ეს ოცნება.ასრულებისთანავე,მას სხვა იდეალი ჩაანაცვლებს.

ყოველთვის იარსებებს “უკეთესი”.

მჯობზე მჯობი არ დაილევაო,ხომ გაგიგიათ? ჰოდა იდეალების საქმეც ეგრეა,მარტივად რომ ვთქვათ.

მაგრამ არის შემთხვევები,როდესაც ვაიდეალებთ ადამიანს.აქ საქმე ცოტა რთულადაა.

პირველი მცნების მოშველიება არ გვაწყენდა ,რადგან აქაც გეგმებს უკავშირდება საქმე რაღაცმხრივ.

ადამიანი და იდეალურობა ისე შორსაა ერთმანეთისგან,როგორც წაღვერი და თბილისი.

და მართლაც,აჰ ნეტავი ერთად იყოს…

არასოდეს,არასოდეს,არასოდეს გააიდეალუროთ ადამიანი! ყოველშემთხვევაში ცოცხალი…

მითუმეტეს თუ ახლო ურთიერთობა გაქვთ მასთან.

ადამიანი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს იმედგაცრუებისთვის,გაიდეალურება კი პირიქით –მიწას გითხრით და ზემოდან ფოთლებს აყრის.

კარგად მოსინჯეთ მიწა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას!

ერიდეთ იდეალებს,ისინი ყველაზე საშიში ქმნილებები არიან!ადამიანი ხომ მუდამ საკუთარი ხელით ქმნის ყველა ქვას,რომელსაც შემდეგ თვითონ წამოკრავს ხოლმე ფეხს და წაიქცევა.

რაც შეეხება არამატერიალურ იდეალებს,მათთან მიახლოვება შესაძლებელია,ახდენა–არა.

იოცნებეთ რამდენიც გინდათ და რაზეც გინდათ,მაგრამ იმედები არ დაამყაროთ,არ მიეჯაჭვოთ.

დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი დაუკმაყოფილებელი არსებაა,თქვენ კი სწორედ ამ რასას ეკუთვნით.

კარგად მოსინჯეთ მიწა.განსაკუთრებულად კი ის ადგილი,სადაც ლამაზი ფოთლებია მიმოფანტული,რადგან სწორედ ასეთ ლამაზ ადგილებში არის დიდი ორმო თქვენთვის გამზადებული.

Advertisements

მცნება#2 –იყავი მგელი,რათა არ დაგკლან ცხვარივით

ვერ ვიტან ცხოვრების გაკვეთილებს.ყველაზე საშინელი და  დაუნდობელია,მაგრამ ისე გასწავლის,რომ არასდროს აღარ დაგავიწყდება.

მეც გადავწყვიტე ბეჯითი მოსწავლე გავხდე  და დღემდე ჩატარებულ ყველა გაკვეთილს ვიხსენებ და ვინიშნავ,რომ არასოდეს აღარ დამავიწყდეს.

მაშ ასე,მცნება#2–იყავი მგელი,რათა არ დაგკლან ცხვარივით.

ფეხქვეშ გათელე შენი სისუსტე,გაანადგურე,მოსპე–ის შენ არ გამოგადგება.

პატივი ეცი საკუთარ თავს.

დედამიწა არაა სუსტი ადამიანებისათვის.ეს ბრძოლის ველია,სადაც სუსტები კვდებიან.

არასდროს არ მისცე სხვას იმის უფლება,რომ  დაგამციროს.არასდროს!

საკმარისია ერთხელ დამარცხდე,რომ დიდი ხნით დაკარგო გამარჯვების შანსი.

არასდროს დახარო თვალები.მტერს თვალი თვალში გაუყარე და უთხარი რომ ძლიერი ხარ.

არასდროს  გააშიშვლო შენი გრძნობები ყველასთან,დაიმახსოვრე რომ ირგვლივ მრავალი ბრუტუსი აწყობს აჯანყებას შენს წინააღმდეგ.

არასდროს მიუშვირო მეორე ლოყა როცა გაგარტყამენ,არამედ მთელი ძალით გაულაწუნე.

არასდროს  არ გაექცე პრობლემას,გაქცევა მხდალთა გამოსავალია.

არასდროს დაღვარო ცრემლი იმისთვის,ვინც ამას არ იმსახურებს.

არასდროს ჩაიდო პირში რევოლვერი,არამედ პრობლემას დაუმიზნე და გაანადგურე.

არასდროს დაიხიო უკან.

ყოველ წამს შეახსენე თავს–”შენ ძლიერი ხარ,შენ შეძლებ”.

თქვი–”მე არ მეშინია სუნთქვის” და ღრმად შეისუნთქე მყრალი რეალობა.

დაგღალა ბრძოლამ?დახუჭე თვალები და იოცნებე,ოღონდ არ დაგავიწყდეს ის,რასაც თვალის გახელის შემდეგ დაინახავ.მერე კი განაგრძე ბრძოლა.

ივარჯიშე,დაიყენე ნებისყოფის კუნთები.

შეხედე მთვარეს და იყმუვლე.

შენ ძლიერი ხარ,შენ შეძლებ.

მცნება#1–არ დაგეგმო

რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი,მით უფრო ბევრ რამეს ხვდება.

ადამიანი იზრდება და ამ ზრდის განმავლობაში ნაბიჯ–ნაბიჯ მიდის წინ,ცხოვრებას სწავლობს.ყოველ ნაბიჯზე ახალ აღმნოჩენებს აკეთებს და ასე ყალიბდება მისი პრინციპები,მსოფლმხედველობა,იდეოლოგია და იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ასე,ერთ–ერთ ნაბიჯზე აღმოვაჩინე,რომ გრანდიოზული რამ არასოდეს არ უნდა დაგეგმოს ადამიანმა.როდესაც რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავ,ან 100%ით უნდა იყო დარწმუნებული მის უეჭველობაში,ან იმედგაცრუებისთვის უნდა იყო მზად.წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმის დამსხვრევა საშინელად იმოქმედებს შენზე.

პატარა გეგმებზე არ მაქვს საუბარი.მაგალითად,მიდიხარ მაღაზიაში და გინდა იყიდო სნიკერსი,ანუ დაგეგმე სნიკერსის ყიდვა.მიხვედი და ნახე რომ არაა,ამის შედეგი ძალიან მცირე იმედგაცრუებაა და მეტი არაფერი.

მაგრამ,ვთქვათ შეგიყვარდა.ისე ძლიერ შეგიყვარდა,რომ ეჭვი არ გეპარება თქვენი ურთიერთობის მარადიულობაში.შენ დაგეგმე მთლიანი ცხოვრება მასთან ერთად,მიანდე მას მრავალი ლამაზი ოცნება,მთლიანად მასზე გახდი დამოკიდებული.მაგრამ ამ გრანდიოზულ გეგმაში გათვალისწინებული არ იყო,რომ ადამიანები იცვლებიან.ისიც შეიცვალა და ერთ დღესაც გითხრა,რომ აღარ უყვარხარ.აი აქ დაიმსხვრა შენი ლამაზი,მაგრამ გულუბრყვილო გეგმა და განიცადე ისეთივე ძლიერი იმედგაცრუება და ტკივილი,როგორიც შენი სიყვარულია.

სწორედ ასეთი შედეგისაგან მინდა ავიცილო თავი,ამიტომ ჩემი ერთ–ერთი მთავარი პრინციპია(მცნება)–არ დაგეგმო.

კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებთ და თავიდან აირიდებთ იმ საშინელ გრძნობას,რომელსაც იმედგაცრუება ჰქვია.