soulmates never die

ჩვენ მივდიოდით არსად,ნელი ნაბიჯებით

მომაკვდავი სხეულით და მკვდარი სულით

და ყოველ ახალ ნაბიჯზე უკან ვტოვებდით

უპერსპექტივო ოცნებებს.

ჩვენ ვიყავით ცარიელი გამოქვაბული

მაღალ კლდეზე,

სადაც არასდროს არავინ შევა.

ჩვენ ვიყავით ფუღურო,

რომელიც ვერასდროს ამოივსება

და ჩვენ ეს ვიცოდით.

შენ მიყურებ და მეუბნები არაფერს ყოველ ჯერზე

და ვიძირებით ერთმანეთის არაფერში.

ეს ექსტაზია.

ჩვენ გვეზიზღება ერთმანეთი

ყოველთვის,როცა ორი გუგა ფართოვდება

და ეს ჩვენ ვიცით.

რადგან არაფერს ვხედავთ.

რადგან ყველაფერს ვხედავთ.

ეს ექსტაზია.

და ისევ მივდივართ ნელი ნაბიჯებით არსად

მომაკვდავი სხეულით.

მკვდარი სულით…

10959658_776340872415841_8676364367289252917_n

 

Advertisements

თეთრი კედლები

ახლა ცა თეთრია და მონოტონურად ასხივებს უჩვეულო სიმშვიდეს,უმოძრაობას,რაღაც უცნობი აუცილებლობით გამოწვეულ სევდას.დედამიწა მართლაც ერთი დიდი საგიჟეთია და სხვა რა უნდა ფარავდეს, თუ არა თეთრი კედლები.ალბათ ამიტომაც მიყვარს შემოდგომის სუსხიანი ამინდები,თითქოს რაღაც ლოგიკა დევს მასში,თითქოს ეს არის დედამიწის ჭეშმარიტი მდგომარეობა.

ეს საუკეთესო დროა იმისთვის,რომ გააკეთო ის,რაც ჯერ კიდევ სიამოვნებას განიჭებს.ეს კი დიდი თავსატეხია ჩემნაირი ადამიანისთვის,რომელსაც დიდი ხანია აღარაფერი ანიჭებს სიამოვნებას.კალამი ან ფუნჯი,,ხეტიალი ან წიგნი….დავფიქრდი და ისევ კალამი მოვიმარჯვე.ხელს ეუცხოვა კიდეც,რამდენი ხანია წერის ხალისიც დავკარგე,სიტყვები ზოგჯერ იმაზე მეტად ოღონო გეჩვენება,ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.

ჩვენი წარმოდგენები ხშირად არის არასწორი,ფანტაზიის საბურველში რეალობა გვეკარგება და ასე ილუზიებში ვაგრძელებთ არსებობას.და იქნებ ისედაც ილუზიებში ვართ,ან საერთოდაც არ ვარსებობთ?როცა ამ აზრს ერთხელ შეუშვებ თავში,მთელი ცხოვრება აღარ მოგასვენებს ამაზე ფიქრი.ყოფნა-არყოფნა,არსებობა-არარსებობა…

Continue reading

შიმშილი

ისევ ეს თეთრი შეუვსებელი ფურცლები და ქაოსი მთელ ცნობიერებაში.ძნელია სიტყვების კომბინაციებში აბსტრაქციები ჩაატიო,ვერ თავსდებიან.მე კი უკვე მერამდენედ ზარმაცი მუზა ანკესზე წამოვაგე და ტვინის ხვეულებში ჩალექილ არარაში გადავისროლე.

არ მინდა ისევ ხელცარიელი დავბრუნდე,თორემ შიმშილით მოვკვდები.მანამდე კი ახალნაწვიმარი მიწის სუნიც კმარა.ამ სუნში მთელ ისტორიას ვხედავ და ვგრძნობ ცხადად.მის ფენებში ჩასამარებულ ცივილიზაციებს და ადამიანებს.კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ სამყარო მუდმივი მდინარებაა,სადაც ოდესმე აუცილებლად ჩავიკარგები,ან შევუერთდები.

ჩვენ პოტენციური მიწაში ჩამარხული ისტორიები ვართ,რომლებიც შესაძლოა ვერცერთმა არქეოლოგმა ვერ აღმოაჩინოს.არარასა და არარას შორის მოქცეული არარა-ესაა ჩვენი არსებობა.მდინარე,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული,მაგრამ მაინც მიედინება,თანაც ხმაურით.

Continue reading

სიზიფე

ადამიანის ცხოვრება მაშინ მთავრდება,როცა იაზრებს,რომ არარაობაა,არარაობიდან იშვა და არარაობისაკენ ისწრაფვის.

დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა,კლდიდან რომ ფეხი დაგიცდება  და მთელი სისწრაფით დაეშვები უფსკრულისკენ,ისეთი სისწრაფით,რომ ფსკერამდე შენი ერთი ატომიც კი ვერ მიაღწევს,რადგან გზაში დაიშლები.

მერე პანიკურად ეჭიდები ყოველ ხავსს,ყოველ გამოშვერილ ხმელ ტოტს,რომელიც იცი რომ ადრე თუ გვიან ჩატყდება,მაგრამ მაინც ეჭიდები.

ქვემოთ ვერ იხედები,გეშინია,თავბრუს გახვევს შავი სიღრმე,თუმცა ნელ-ნელა გრძნობ შენც როგორ შავდები და უერთდები იმ დიდ არარას.ასე იკარგები ორ სამყაროში-ერთი ქვემოთაა სულ ახლოს,მეორე ზევით,საიდანაც სინათლის სხივი თითქმის უკვე ვეღარ აღწევს შენამდე…და სანამ მისი მბჟუტავი წერტილი ისევ ირეკლება შენს თვალებში,ჯერ კიდევ ელოდები ძალას,რომელიც მაღლა აგტყორცნის.

Continue reading

pathetic

მიყვარს ნოემბრის ქარიან ამინდში სეირნობა.ასე მგონია,თითქოს  საუკეთესო დრო იყოს იმისთვის,რომ  ადამიანმა ჭეშმარიტებას მოჰკრას თვალი,თანაც მოულოდნელად. უცნაურია,სულ ასე მემართება-წამის მეასედში  შევეჩეხები ხოლმე  მის თვალებს,მაგრამ ისე უცბად ქრება,თითქოს არც არასდროს არსებულა.

მეც ვაგრძელებ გზას,ფეხით ცივ მიწაზე დაფენილ ფოთლებს ვფანტავ აქეთ-იქით და ვფიქრობ-ადამიანმა სიცოცხლე რომ იგრძნო ან უნდა გტკიოდეს,ან ბედნიერი იყო.საოცარია,ყოველთვის ტკივილის გზას ვირჩევ (ან თვითონ ვყავარ აკვიატებული).აი ახლაც,სუსხშერეულ ქარში დავდივარ,მცივა უღმერთოდ და ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ.კაცმა რომ თქვას, არც კი ვიცი ეს ტკივილია თუ ბედნიერება-სხეულს სცივა,მაგრამ სახეზე ეს კმაყოფილი ღიმილი უცნაურად დამთამაშებს.

Continue reading

ჩრდილი

ცივი ნიავის შემოლაწუნებამ გამოაფხიზლა წვიმიან გზაზე მიმავალი მატეო.დინჯი ნაბიჯები ოდნავ შეანელა და გარშემო მიმოიხედა-ჩაბნელებულ ქუჩას მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.გარშემო არავინ ჩანდა,მხოლოდ წვიმისგან გაწუწული მაწანწალა ძაღლი მიძუნძულებდა უმიზნოდ.რაღაცით მგავსო-გაიფიქრა,გამხდარი ტანით უკან შემოტრიალდა და სახლის გზას დაადგა.

უკვე ჩვევად გადაქცეოდა უცნობ ქუჩებზე გაუთავებელი ხეტიალი წვიმასა თუ ქარში,უფრო სწორად , სწორედ  ქარი და წვიმა შთააგონებდა სახლიდან გასვლას.

ფიქრებიდან რომ გამოერკვა,უკვე სახლის ზღურბლზე იდგა.ხის ძველი კარი ჭრაჭუნით გაიღო…ოთახში შესულ ადამიანს პირველ რიგში სიგარეტის მძაფრი სუნი ეცემოდა,რომელსაც თითქოს კვალად ემჩნია ის ერთფეროვანი დღეები,მარტოობაში რომ ატარებდა.იატაკზე მუდამ წიგნები იყო მიმოფანტული,წიგნები და ღვინის ცარიელი ბოთლები.მარტოსული ადამიანისთვის იდეალური საცხოვრებელი იყო,ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობდა მატეო.

Continue reading

ღამის ტრაგედია

უბედურ ადამინებს ღამე უძილობა სჩვევიათ.

მთელი დღე სუნთქვით  დაღლილ, მობეზრებულ სხეულს რომ მიაგდებ ცივ ლოგინზე და კედელს მიაშტერდები ცარიელი თვალებით ,მაშინ იწყება მთელი უბედურება…

კედელი კედელიაო-იტყვის მავანი.ჰეჰ,მავანო,შენ ღამე არ გინახავს კედელი როგორ საშინელ მუტანტად გადაიქცევა ხოლმე.კაცობრიობის მთელ ამაოებას ინახავს თითქოს და მთვარის შუქს ელოდება რომ ყველა ბინძური საიდუმლო გაგიმხილოს . როგორ არ იბზარება და ინგრევა ნეტავ…

გვერდით გაიხედავ და ახლა მეორე კედლიდან გიმზერს მარტოობა,სასოწარკვეთა,სევდა …ღმერთო,საიდან ამხელა ირონია  ამ პატარა ცივ კედლებს?!

მერე შიშით გადამაქვს მზერა ფანჯრისკენ ,ჩემს წინ მდგარ ჭუჭყიან კორპუსს ვარიდებ თვალს და მის მიღმა  სამ მაღალ ხეს ვუმიზნებ დაღლილ თვალებს.თითქოს სული ყვირის შიგნიდან აი სწორედ ამას ვეძებდიო და მეც გახარებული თვალს არ ვაშორებ სიბნელისგან ჩამუქებულ ფოთლებს.

Continue reading

სად იწყება ცისარტყელა

დღეები უცნაურად უფერულდება ქალაქში,უცნაურად და გამორჩეულად.

ჰაერიც მძიმეა,ზოგჯერ მგონია სუნთქვას შევწვეტ და დავიხრჩობი.ძნელი გასარჩევია ადამიანები აბინძურებენ ჰაერს,მანქანების გამონაბოლქვი თუ ეს ყველაფერი ერთად.

თუმცა აქ  სუნთქვაც შეწყვიტეს…ასე რომ არ იყოს,აუცილებლად იგრძნობდნენ სიმყრალის მწარე არომატს ყველგან რომ იგრძნობა და შეეშინდებოდათ მეორე ჩასუნთქვის .

აქ ცისარტყელაც არ ჩანს.შავ-თეთრი ტელევიზორივით ცხოვრობს ქალაქი-მხოლოდ შავად და თეთრად.

ცისარტყელას ალბათ სუფთა სუნი აქვს,ფერადი-წითელი და ყვითელი ,ან იასამნისფერი…მას რომ ადამიანის ხელი შეხებოდა,უმალ შავ-თეთრი გახდებოდა თვითონაც.მაგრამ არის სივრცეები,რომელსაც ჩვენი დიდი შავი დამანგრეველი ხელი ვერ სწვდება.ამ სივრცეებს სულ სხვა ფერი აქვს-ბევრი ფერი.

Continue reading

პრომეთე

მე ყოველ ღამე ვუყურებ როგორ იხრჩობა მზე ოკეანეში.

ვალდებულების არომატნარევი ნუგეშივით უღონო ვარ ამ დროს.ან როგორ ვუშველო? რომ შემეძლოს ორივე ხელს შემოვახვევდი  და   მანამდე მეჭირებოდა,სანამ ფერფლად არ ვიქცეოდი. ან..ან სულაც ოკეანეს დავლევდი მზის გადასარჩენად და მერე ცრემლებად გამოვდევნიდი ჩემგან…

თან რა ლამაზად კვდება…მუქ ვარდისფრად,ზოგჯერ წითლად ან ნარინჯისფრად.

პრომეთეს რეინკარნაცია რომ განეცადა,მზე იქნებოდა. ცეცხლს და სინათლეს აჩუქებდა ადამიანებს და მერე ჩაიღვრებოდა ჰორიზონტზე.

უზარმაზარი გავარვარებული ბურთულა,რომელიც მუდმივ წვაშია და ამ წვით აქ- პატარა დედამიწაზე სიცოცხლეს უფრთხილდება.

მზეშიც კი რამხელა ტრაგიზმია,ღმერთმანი.

Continue reading

“დასაბამიდან იყო სიტყვა …”

ჩემს წინ გადაშლილ ორ თეთრ ფურცელს ვხედავ,ჯერ კიდევ შეუვსებელს გრძნობებით,რომელთაც სიტყვების მილიონი კომბინაციაც ვერ გამოხატავს ბოლომდე.

რა უღონოა სიტყვა ზოგჯერ…მაგრამ ჯიქურ ვცდილობთ წარმოვთქვათ მანამ,სანამ გაცვეთილი ყბები უკანასკნელად არ აამოძრავებს ჟანგიან სახსარს და იქვე ააფეთქებს ყველა ასოს,გაფანტავს უიმედოდ და მერე სიჩუმე ისადგუებს სამარადისოდ.

ნეტავ სიჩუმე გვესმოდეს.სიჩუმეს არ სჭირდება კომბინაცია.მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ უღონო სიტყვებს,რომ აღარ გვესმის უსიტყვობის სიმშვიდე.

თეთრი ფურცელი ნელ-ნელა ივსება უღონო ასოებით.

ჩემს ხელს ვხედავ .მზე ფანჯრიდან იჭრება ,ფარდის მაქმანებიდან იღვრება და კანზე იხატება ლამაზ შუქ-ჩრდილებად.ფურცლის გასწვრივ  პაწაწინა მტვრის ნაწილაკები მოძრაობენ მოუსვენარი ბავშვებივით,თვალს ვაყოლებ და ფანჯრის მიღმა მდგარ ახლადაყვავებულ ბლის ხეზე ჩერდება შთაგონებული მზერა.

საიდან გაჩნდა სიცოცხლე ამ ხის კვირტებში,მტვრის ნაწილაკებში,უღონო სიტყვებში,ან ჩემში? ან სად ქრება ასე უკვალოდ?

ღმერთია სიცოცხლე  თუ სიცოცხლეა ღმერთი?

Continue reading