,,ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…”

დიახ,ერთი,სულ მარტო.

მარტო-სული.სული,რომელიც მარტოა.ზოგჯერ ვფიქრობ,თუ ჭეშმარიტება სადღაც მართლაც არსებობს,ასეთ უბრალო სიტყვებში უნდა ვეძებოთ,მაგრამ აქაც კაცმა არ იცის მივაგნებთ თუ არა რაიმეს.აი მთელი ადამიანური აბსურდი სად იმალება: ვეძებთ არარსებულ ჭეშმარიტებებს და უფრო მეტიც-გვჯერა მათი .ადამიანები პატარა უსუსურ ბავშვს ვგავართ,რომელიც დედამ მიატოვა.ჩვენ დღემდე ვეძებთ დედას.ჩვენ გვჭირდება დამსჯელი,ამკრძალველი,მზრუნველი ზეარსება,რადგან საკუთარი თავისვე გვეშინია.

ადამიანი პატიმარია,რომელიც თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში ჯერარჩადენილი დანაშაულისთვის.სწორედ აქ დაიწყო დანაშაული.აქ გაჩნდა ილუზიები აწდაკარგულ “სამოთხეზე” და დაიწყო ოცნების ეპოქა,ბრძოლა ბედნიერებისთვის.

იქ სადაც ბრძოლაა,არის სისხლიც.მრავალი ხის ფესვი სწორედ ამ სისხლით არის ნაკვები და მიწა ,რომელზეც დავდივართ,გახრწნილი ადამიანებით არის სავსე.ადამიანებით,რომლებიც მისი აღმატებულება “ბედნიერებისთვის” იბრძოდნენ.ჩვენდა გასაკვირად ეს ნანატრი ჰარმონია ვერცერთმა რევოლუციამ ვერ დაამყარა.სამაგიეროდ ამ პროცესში ჰომო საპიენსის ღრმად გენიალურმა ტვინმა შექმნა ატომური ბომბი,ელექტროსკამი,გაზის კამერები,ეშაფოტი და სხვა მრავალფეროვანი ადამიანთთმმუსვრელი.განსაკუთრებული წვლილი მაინც ინკვიზიციას მიუძღვის,რომლის დროსაც სრულებით გამომჟღავნდა ჩვენი პრაქტიკული გონების შესაძლებობანი.

ამდენი სისხლის ნახვის,კვნესა-ვაებისა და პარალელურად ოცნების ფონზე ჰომო საპიენსი იქცა homo lupus-ად (ადამიანი-მგელი) და ეს ჭეშმარიტება იხილა სწორედ კაცმა,რომელიც ქუჩაში ერთი მიდიოდა.

ეს არის სკანდინავიელი მწერალი იენს ბიორნებუ.ბიოგრაფიით არ შეგაწყენთ თავს,უბრალოდ იმას ვიტყვი,რომ ბოლოს ფანჯრიდან გადაადგა ერთი ნაბიჯი და მას მერე არავის უნახავს.

სიმართლე გითხრათ,ჰერმან ჰესეს შემდეგ ასე ახლოს არცერთი მწერალი არ მოსულა ჩემთან.გაოგნებული გადავდიოდი ფურცლიდან ფურცელზე და მეგონა,რომ სისხლი მოედინებოდა წიგნიდან ჩემს სხეულზე.

ტრილოგიის პირველი წიგნიდან (,,თავისუფლების მომენტი”) ერთი სიუჟეტი ჩამებეჭდა გონებაში ყველაზე უკეთ-შავი კატა გამხდარ სხეულზე გაცვენილი ბეწვით და უკან ჩამოკიდებული გამხმარი ფეკალიით.კატა,რომელიც ბიძგებით გადაადგილდება,თითქოს შუშის ნამსხვრევებს ადგამდეს ფეხებს.ამის შემხედვარე მთხრობელი კი ფიქრობს იარაღი იყიდოს და მოკლას,გაათავისუფლოს თუ გამოკვებოს და ამით ტანჯვა გაუხანგრძლივოს.ამ დროს საკუთარი თავი სწორედ ეს კატა მეგონა,ახლაც მგონია.ზოგადად კაცობრიობაა ეს კატა და ღმერთი რომ არსებობდეს,აუცილებლად დადგებოდა დილემის წინაშე-მოვეკალით თუ გამოვეკვებეთ.მე პირადად მოკვლას ვამჯობინებდი.

,,ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე,რომლის სილამაზე ყოველგვარ გაგებას აღემატება,და რომ ეს სამოთხე საყასბოდ და კრიმინალურ საგიჟეთად ვაქციეთ,ბენზოლითა და ქლოფორმით აყროლებულ ყოვლისმომცველ მორგად.იმის ნაცვლად,რომ იმ კატასავით მიგვეფსა ფინანსთა მინისტრებისთვის,გვემღერა,ღვინო გვეყლურწა,ხოტბა შეგვესხა მზის სისტემისთვის,გვეცელქა,ერთმანეთთან დავწყვილებულიყავით,გვეწერა პიესები და ლოცვა აღგვევლინა ვარსკვლავებისთვვის” (ტრილოგიის მეორე წიგნი ,,დენთის საწყობი”)

 

დიახ,ქვეყნიერება ლამაზია შესახედავად,მაგრამ ჯოჯოხეთია საცხოვრებლად,რადგან მის შიგნით გაბატონებულ ბოროტებას ეს სილამაზე ვერ გამოისყიდის-ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში მიხვდნენ ამას.როგორც შოპენჰაუერი ამბობს ადამიანმა ამ ჯოჯოხეთში ისეთი ადგილი უნდა მონახოს,სადაც ნაკლებად დაიწვება,სადაც გასაძლისი გახდება არსებობა და არა ილუზორული ბედნიერებისკენ ისწრაფვოდეს მთელი მისი დღე და მოსწრება.სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა ალბათ-შეუძლებელს ვეპოტინებით.

ცხოვრება პათოგენურია.

,,ქვეყნიერება პაციენტებით დასახლებული საავადმყოფოა -ყველას რაღაც ნაწილები აკლია,გონებრივი სისუსტე ან რაღაც ამდაგვარი სჭირს.ყოველივეს გვირგვინად,ამ ვრცელ კლინიკაში ექიმებიც თავმირტყმულები არიან და რაც უფრო მეტს ცდილობ უმკურნალო სხვების სატანჯველს,უმკურნალო მათ და,საერთოდ ქვეყნიერებას,მით მეტად მანიაკდები თავად” (მესამე ნაწილი ,,სიჩუმე”)

მიკვირს ამხელა აურზაურს როგორ იტანს დედამიწა,როგორ იტანს ბუნება იმ თავდაპირველი ჰარმონიული ჯაჭვიდან ამოვარდნილ კაცობრიობას.

,,საკმაოდ დიდხანს ვუყურეთ ირმის ნახტომს დედამიწიდან,ამჟამად დროა,რომ ირმის ნახტომიდან ჩამოვხედოთ დედამიწას” (,,სიჩუმე”)

ბიორნებუ მიხვდა,რომ კაცობრიობა მუდმივ ძრწოლაშია,ჩვენ განვიცდით შიშს უსაზრისობისადმი.აქ ერთი ამონარიდი მახსენდება მიგელ დე უნამუნოს წიგნიდან-,,როცა სულის უკვდავებისრწმენა დავკარგეთ,სიკვდილის შიშმა დაგვრია ხელი,ყველას გვეშინია და ყველა ვიტანჯებით.იმის წარმოდგენა,რომ სიკვდილის შემდეგ გველის არარა,მარადიული სიცარიელე,გულსა და გონებას გვიწამლავს.კარგად გვესმის აჩრდილთა სამგლოვიარო პროცესიის ბორიალის უსასოობა,არარადან არარაში რომ მიდი-მოდიან,გვესმის რომ ეს ყველაფერი ჩაივლის ვითარცა სიზმარი და,რომ ერთ ღამესაც დავიძინებთ და ვეღარ გავიღვიძებთ.ცხოვრება სწორედ უკვდავების წყურვილია და ერთხელაც იქნება დაიქცევა ეს ქვეყანა,მოისპობა მისი ისტორიაც და წაიშლება ჰეროსტრატეს სახელი,აღარავის ეცოდინება ვინ იყვნენ ჰომეროსი ან ნაპოლეონი და ქრისტეც კი…რამდენიც გინდა იმდენი იცხოვრე დღეები,წლები,საუკუნეები და ათასწლეულებიც,სულერთია,სხვა ნურაფერს ელოდები.და რაკი დავკარგეთ სულის უკვდავების რწმენა,ერთი ოცნებაღა დაგვრჩა-დავტოვოთ სახელი,რომ ჩვენზე ილაპარაკონ და მოყვასთა მეხსიერებაში მაინც განვაგრძოთ ცხოვრება.საწყალობელი ცხოვრება…”

,,ყველაფერი დაინთქმება მგლის ყმუილში-კაცობრიობის უკანასკნელ ხმაში და ძრწოლა მგელს თვითონაც გაუხეთქავს გულს”(,,დენთის საწყობი”)-ფიქრობდა ბიორნებუ და ქუჩას მიუყვებოდა მარტო.ან იქნებ შავი ბეწვგაცვენილი კატაც მიჰყვებოდა უკან,ვინ იცის.მე მაინც მგონია,რომ ფანჯრის რაფაზე იდგა.

მაგრამ მთავარი სულ სხვა რამაა-ის იყო მარტო.

პ.ს. ,,საკუთარ თავად ყოფნა კაცს ზალუძს მანამ,სანამ ის მარტოა.რაც უფრო მაღალია ჩვენი ადგილი ბუნების წყობაში,მით უფრო მარტონი ვართ ჩვენ”-შოპენჰაუერი.

Advertisements

18 comments on “,,ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…”

  1. თავიდან გეტყვი იმას, რომ დამბურძგლა.თან მრავალჯერ და გეტყვი ახლავე მიზეზებსაც 🙂 თავიდან ვერ მივხვდი რაზე და ვისზე იყო საუბარი…ვიფიქრე, რომ “ფილოსოფიური ჟამი” დაგიდგა, როგორც ხდება ხოლმე ––– ღამით, მაგრამ ბიორნებუმდე რომ მივედი, იქ უკვე ყველაფერი გადამიტრიალდა 🙂

    ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მწერალია და მისი აღმოჩენა ყოველთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ…თან ასე კარგად აღქმული ბიორნებუ მართლაც ცალკე სიხარულია 🙂 მადლობა შენ ამისთვის.

    ის კატა მეც მახსოვს… გისურვებ დანარჩენი ორი წიგნიც წაიკითხო. ბევრად სისიხლიანები. მხოლოს ამისთვის ღირდა აქ შემოსვლა >> “გაოგნებული გადავდიოდი ფურცლიდან ფურცელზე და მეგონა,რომ სისხლი მოედინებოდა წიგნიდან ჩემს სხეულზე”.

    პ.ს. მგონი პირველად ვტოვებ კომენტარს ამ ბლოგზე. არ მახსოვს. მაგრამ კეთილი იყოს ჩემი “ფეხი” აქ.

    • მეც აღფრთოვანებული ვარ შენი ბლოგით მართლა.
      დიდი მადლობა.
      ტრილოგია წაკითხული მაქვს მთლინად ის ამონარიდებიც დანარჩენი ორი ნაწილიდან იყო,უბრალოდ აღარ დავკონკრეტდი და..
      მიხარია კიდევ ერთი ბიორნებუს მოყვარული რომ ვნახე :))

  2. როგორ გამიხარდა ახალი პოსტი,
    ორი მიზეზის გამო
    1: როგორც იქნა დაწერე
    2: და იმ წიგნზე დაწერე რომელიც ხვალ უნდა მათხოვო : ))))
    რაც შეეეხება ემოციას,ამაზე მინდოდა ისედაც ხვალ საუბარი.
    ხვალამდე

  3. მაგასთან რაც დავწერე იგივეს ვიტყვი. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თუ სასწრაფოდ არ დავწერე მეც რაიმე, ვერ გადავიტან.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s