ალან პო

სამყაროს მრუმე სიშორიდან შემოეხეტა სული უპირქუბო მიწაზე.
მრგვალი ხმელეთის თვალთმაქცი სილურჯით მოიხიბლა და აქვე
ინება დავანება.

დედამიწა _ პტოლემეს კოსმოლოგიური ცენტრი,
მეუფება სამყაროსი, ირგვლივ უსასრულოდ მბრუნი შვიდი სფერო.
სულიყლაპია პლანეტები მიტყუებით იტაცებენ მოფარფატე სულებს,
მსხვერპლად მიაქვთ უფალ კერპთან, მიწასთან.

დედამიწა _სულთამმუსვრელი ინკვიზიტორი, თიხით ატკეპნილი ციხე,
სისხლიანი, მჭლე სუნით მოწამლული საყასბო, მანდალის
ენიგმატური სიმრგვალე, აპერწკლილი წერტილი.

მოფარფატებს დედამიწით გათვალული სული, გზააბნეულს მისი მტვერი ეტმასნება. ჭვარტლით შეიმურა, დამძიმდა.
გარსმოხვეული მტვერი მკვრივი გახდა, ჩონჩხად იქცა და ყალიბში მოამწყვდია სული. ჯავშნიან ძვლებს
მალე შემოევლო მჭლე ხორცი და სადღა არის მონანავე ნებიერა სული, მატერიის უნებლიე ტყვეა,
დროისა და სივრცის ყურმოჭრილი პატიმარი. სამყარო კი – დახშული, შემოკედლილი სატუსაღო, შავი
კვადრატი, ოთხკუთხა, მოსაზღვრული ჩარჩო.

დამწყვდეული სული ებღაუჭება ჩონჩხის კედლებს,იხუთება. არსებობის სივიწროვეს არსადაა გასასვლელი. მოტმასნილა ირგვლივ ზღუდე, ჩაკეტილა ოთხგნივ კარი. აიწევა სული ზევით, სურს გაექცეს, დააღწიოს შემოჭერილ საპყრობილეს, მაგრამ დრო და სივრცე სისხლმოწყურებული ვამპირივით ნთქავს, ნაწლავებით მოინელებს და უფორმოდ განფენილს
სახიერ ფორმად აქცევს.

დრო თავად სატურნია, მზის სიშორით ცივი და ბნელი, ჯოჯოხეთური
მელანქოლიის მრუმე სფერო, ყოველთა უბედურების საწყისი და სულთა მესაფლავე. მოვა, უცილოდ
მოაკითხავს სიკვდილის ლანდი, მჭლე ხორცს შემოაცლის და სული გაეყრება ჩონჩხის გალიას, მიწიერი
სამყაროს წარმავალ სადგომს. ყრია მიწაზე ათასწლოვანი მუმიის ძვლები, მატლების ულუფა. სხვა რაღა
დარჩა? საუკუნო სიჩუმე მხოლოდ. სული?! დედამიწას თავდახსნილი სული ისევ დაფარფატებს
უბოლოო სივრცის თვალშეუდგამ ჰორიზონტზე. მხოლოდ იგია მარადიული, Theos Agnostos.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s