Мы разбиваемся

ამბობენ,რომ ყველა ადამიანი მარტოსულია
და რომ არცერთი ფოთოლი არ გავს მეორეს.

დღეს კაცი დავინახე დასერილი ხელებით,სიმთვრალეში ჩაკარგული
როგორ ეგდო ძირს და ქრებოდა,
ხმარებისგან გახუნებული ძველი სამოსივით,
ფეხის შესაწმენდად რომ გდია ყველა კარის წინ.

ჩემს ყველა შემოდგომას ერთი ფოთოლი აქვს,
დღიურში საგულდაგულოდ შენახული.
დღეს დავაკვირდი-არც ერთი არ არის ბოლომდე ყვითელი.
ამხელა სიყვითლეში ისე ანათებენ პატარა მწვანე ლაქები…
დავფიქრდი,ნეტავ იმ კაცის სულში თუ ვნახავდი წერტილს მაინც სიმწვანის.

Continue reading

Advertisements

სამსარა

მოხუცების სხეული მძიმეა,სული უფრო მეტად.
ყრმა ტირის,მისი სული საფუძველშივე მძიმეა.

გონება მძიმეა,მძიმე და კიდეებიანი.

კიდეს არ გადააბიჯო,გადაიჩეხებიო-გვეუბნება სხეული.

შენ კი პასუხობ-შემიძლია კი გადავაბიჯო?
გონება სასრულია.მე გეკითხები-შეუძლია სასრულს შეიმეცნოს უსასრულო?
დუმილი მრავლისმეტყველია.
ზოგჯერ შეუძლებელია სიზმარში ნაბიჯის გადადგმა და ლაპარაკი,მაგრამ როცა ვარდები,თვითგადარჩენის ინსტინქტი შემოგკრავს სილას და ფხიზლდები.
შენ კი ერთი გინდა-დაცემა.
დაცემა გამოფხიზლებაა.
უმოქმედობა-ყველაზე დიდი მოქმედება.
თვითრეფლექსია კიდეებს მიღმა დაცემაა/
მაგრამ ყოველ წამს,როცა დგამ ნაბიჯს და ვარდნის ნეტარებაში იკარგება შენი ეგო,გრძნობ როგორ გილაწუნებენ.
ლუციფერი დაცემული ანგელოზია.
ბუდა დაცემული ადამიანი.
უმაღლესი მწვერვალი ჰადესის ფსკერია.
ვინც ჰადესიდან ცოცხალმა გამოაღწია,სიკვდილი დაამარცხა.
სამყაროს მარადიული საშო კრონოსია.
ის,რაც იბადება,კვდება კიდეც.
ის,რაც იფურჩქნება,ხმება კიდეც.
ის,რაც დასაწყისია,არის დასასრულიც.
მარადიული მხოლოდ განმეორებაა-პირდაფშენილი გველი,რომელიც საკუთარ კუდს ლოღნის.
ადამიანი მძიმეა.
ძნელია კიდურების დამორჩილება,როცა ის სულს ეკუთვნის და არა სხეულს.
ძნელია ნაბიჯის გადადგმა და დაცემა.
მძიმეა მარადიული ვარდნის ატანა,როცა ქვემოთ მხოლოდ შავი სიცარიელეა.
ჩვენ ყველანი ვსხედვართ ნავში მარტონი და ველოდებით როდის გამოჩნდება ჰორიზონტზე ხმელეთი.აბსურდი კი კი ისაა,რომ ხმელეთი,რომელსაც ვეძებთ შესაძლოა სულაც არ იყოს ჰორიზონტზე გამოჩენილი,არამედ ოკეანის ფსკერი.
და ალბათ სადღაც პარალელურ განზომილებაში არსებობს ნაპირი,რომელიც სავსეა ტალღისგან გამორიყული ცხედრებით.
ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია.
და მე მეშინია ფეხი გადავდგა ჩემი ნავიდან ,რადგან არ მინდა თვალების გახელისას ნაპირზე გამორიყული ჩემი სხეული დავინახო.

ეს სიმძიმეა.

Ouroboros_by_zarathus

soulmates never die

ჩვენ მივდიოდით არსად,ნელი ნაბიჯებით

მომაკვდავი სხეულით და მკვდარი სულით

და ყოველ ახალ ნაბიჯზე უკან ვტოვებდით

უპერსპექტივო ოცნებებს.

ჩვენ ვიყავით ცარიელი გამოქვაბული

მაღალ კლდეზე,

სადაც არასდროს არავინ შევა.

ჩვენ ვიყავით ფუღურო,

რომელიც ვერასდროს ამოივსება

და ჩვენ ეს ვიცოდით.

შენ მიყურებ და მეუბნები არაფერს ყოველ ჯერზე

და ვიძირებით ერთმანეთის არაფერში.

ეს ექსტაზია.

ჩვენ გვეზიზღება ერთმანეთი

ყოველთვის,როცა ორი გუგა ფართოვდება

და ეს ჩვენ ვიცით.

რადგან არაფერს ვხედავთ.

რადგან ყველაფერს ვხედავთ.

ეს ექსტაზია.

და ისევ მივდივართ ნელი ნაბიჯებით არსად

მომაკვდავი სხეულით.

მკვდარი სულით…

10959658_776340872415841_8676364367289252917_n

 

თეთრი კედლები

ახლა ცა თეთრია და მონოტონურად ასხივებს უჩვეულო სიმშვიდეს,უმოძრაობას,რაღაც უცნობი აუცილებლობით გამოწვეულ სევდას.დედამიწა მართლაც ერთი დიდი საგიჟეთია და სხვა რა უნდა ფარავდეს, თუ არა თეთრი კედლები.ალბათ ამიტომაც მიყვარს შემოდგომის სუსხიანი ამინდები,თითქოს რაღაც ლოგიკა დევს მასში,თითქოს ეს არის დედამიწის ჭეშმარიტი მდგომარეობა.

ეს საუკეთესო დროა იმისთვის,რომ გააკეთო ის,რაც ჯერ კიდევ სიამოვნებას განიჭებს.ეს კი დიდი თავსატეხია ჩემნაირი ადამიანისთვის,რომელსაც დიდი ხანია აღარაფერი ანიჭებს სიამოვნებას.კალამი ან ფუნჯი,,ხეტიალი ან წიგნი….დავფიქრდი და ისევ კალამი მოვიმარჯვე.ხელს ეუცხოვა კიდეც,რამდენი ხანია წერის ხალისიც დავკარგე,სიტყვები ზოგჯერ იმაზე მეტად ოღონო გეჩვენება,ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.

ჩვენი წარმოდგენები ხშირად არის არასწორი,ფანტაზიის საბურველში რეალობა გვეკარგება და ასე ილუზიებში ვაგრძელებთ არსებობას.და იქნებ ისედაც ილუზიებში ვართ,ან საერთოდაც არ ვარსებობთ?როცა ამ აზრს ერთხელ შეუშვებ თავში,მთელი ცხოვრება აღარ მოგასვენებს ამაზე ფიქრი.ყოფნა-არყოფნა,არსებობა-არარსებობა…

Continue reading

შიმშილი

ისევ ეს თეთრი შეუვსებელი ფურცლები და ქაოსი მთელ ცნობიერებაში.ძნელია სიტყვების კომბინაციებში აბსტრაქციები ჩაატიო,ვერ თავსდებიან.მე კი უკვე მერამდენედ ზარმაცი მუზა ანკესზე წამოვაგე და ტვინის ხვეულებში ჩალექილ არარაში გადავისროლე.

არ მინდა ისევ ხელცარიელი დავბრუნდე,თორემ შიმშილით მოვკვდები.მანამდე კი ახალნაწვიმარი მიწის სუნიც კმარა.ამ სუნში მთელ ისტორიას ვხედავ და ვგრძნობ ცხადად.მის ფენებში ჩასამარებულ ცივილიზაციებს და ადამიანებს.კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ სამყარო მუდმივი მდინარებაა,სადაც ოდესმე აუცილებლად ჩავიკარგები,ან შევუერთდები.

ჩვენ პოტენციური მიწაში ჩამარხული ისტორიები ვართ,რომლებიც შესაძლოა ვერცერთმა არქეოლოგმა ვერ აღმოაჩინოს.არარასა და არარას შორის მოქცეული არარა-ესაა ჩვენი არსებობა.მდინარე,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული,მაგრამ მაინც მიედინება,თანაც ხმაურით.

Continue reading

,,ის მიდიოდა ქუჩაში ერთი…”

დიახ,ერთი,სულ მარტო.

მარტო-სული.სული,რომელიც მარტოა.ზოგჯერ ვფიქრობ,თუ ჭეშმარიტება სადღაც მართლაც არსებობს,ასეთ უბრალო სიტყვებში უნდა ვეძებოთ,მაგრამ აქაც კაცმა არ იცის მივაგნებთ თუ არა რაიმეს.აი მთელი ადამიანური აბსურდი სად იმალება: ვეძებთ არარსებულ ჭეშმარიტებებს და უფრო მეტიც-გვჯერა მათი .ადამიანები პატარა უსუსურ ბავშვს ვგავართ,რომელიც დედამ მიატოვა.ჩვენ დღემდე ვეძებთ დედას.ჩვენ გვჭირდება დამსჯელი,ამკრძალველი,მზრუნველი ზეარსება,რადგან საკუთარი თავისვე გვეშინია.

ადამიანი პატიმარია,რომელიც თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში ჯერარჩადენილი დანაშაულისთვის.სწორედ აქ დაიწყო დანაშაული.აქ გაჩნდა ილუზიები აწდაკარგულ “სამოთხეზე” და დაიწყო ოცნების ეპოქა,ბრძოლა ბედნიერებისთვის.

იქ სადაც ბრძოლაა,არის სისხლიც.მრავალი ხის ფესვი სწორედ ამ სისხლით არის ნაკვები და მიწა ,რომელზეც დავდივართ,გახრწნილი ადამიანებით არის სავსე.ადამიანებით,რომლებიც მისი აღმატებულება “ბედნიერებისთვის” იბრძოდნენ.ჩვენდა გასაკვირად ეს ნანატრი ჰარმონია ვერცერთმა რევოლუციამ ვერ დაამყარა.სამაგიეროდ ამ პროცესში ჰომო საპიენსის ღრმად გენიალურმა ტვინმა შექმნა ატომური ბომბი,ელექტროსკამი,გაზის კამერები,ეშაფოტი და სხვა მრავალფეროვანი ადამიანთთმმუსვრელი.განსაკუთრებული წვლილი მაინც ინკვიზიციას მიუძღვის,რომლის დროსაც სრულებით გამომჟღავნდა ჩვენი პრაქტიკული გონების შესაძლებობანი.

Continue reading

სიზიფე

ადამიანის ცხოვრება მაშინ მთავრდება,როცა იაზრებს,რომ არარაობაა,არარაობიდან იშვა და არარაობისაკენ ისწრაფვის.

დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა,კლდიდან რომ ფეხი დაგიცდება  და მთელი სისწრაფით დაეშვები უფსკრულისკენ,ისეთი სისწრაფით,რომ ფსკერამდე შენი ერთი ატომიც კი ვერ მიაღწევს,რადგან გზაში დაიშლები.

მერე პანიკურად ეჭიდები ყოველ ხავსს,ყოველ გამოშვერილ ხმელ ტოტს,რომელიც იცი რომ ადრე თუ გვიან ჩატყდება,მაგრამ მაინც ეჭიდები.

ქვემოთ ვერ იხედები,გეშინია,თავბრუს გახვევს შავი სიღრმე,თუმცა ნელ-ნელა გრძნობ შენც როგორ შავდები და უერთდები იმ დიდ არარას.ასე იკარგები ორ სამყაროში-ერთი ქვემოთაა სულ ახლოს,მეორე ზევით,საიდანაც სინათლის სხივი თითქმის უკვე ვეღარ აღწევს შენამდე…და სანამ მისი მბჟუტავი წერტილი ისევ ირეკლება შენს თვალებში,ჯერ კიდევ ელოდები ძალას,რომელიც მაღლა აგტყორცნის.

Continue reading

pathetic

მიყვარს ნოემბრის ქარიან ამინდში სეირნობა.ასე მგონია,თითქოს  საუკეთესო დრო იყოს იმისთვის,რომ  ადამიანმა ჭეშმარიტებას მოჰკრას თვალი,თანაც მოულოდნელად. უცნაურია,სულ ასე მემართება-წამის მეასედში  შევეჩეხები ხოლმე  მის თვალებს,მაგრამ ისე უცბად ქრება,თითქოს არც არასდროს არსებულა.

მეც ვაგრძელებ გზას,ფეხით ცივ მიწაზე დაფენილ ფოთლებს ვფანტავ აქეთ-იქით და ვფიქრობ-ადამიანმა სიცოცხლე რომ იგრძნო ან უნდა გტკიოდეს,ან ბედნიერი იყო.საოცარია,ყოველთვის ტკივილის გზას ვირჩევ (ან თვითონ ვყავარ აკვიატებული).აი ახლაც,სუსხშერეულ ქარში დავდივარ,მცივა უღმერთოდ და ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ.კაცმა რომ თქვას, არც კი ვიცი ეს ტკივილია თუ ბედნიერება-სხეულს სცივა,მაგრამ სახეზე ეს კმაყოფილი ღიმილი უცნაურად დამთამაშებს.

Continue reading

ჩრდილი

ცივი ნიავის შემოლაწუნებამ გამოაფხიზლა წვიმიან გზაზე მიმავალი მატეო.დინჯი ნაბიჯები ოდნავ შეანელა და გარშემო მიმოიხედა-ჩაბნელებულ ქუჩას მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.გარშემო არავინ ჩანდა,მხოლოდ წვიმისგან გაწუწული მაწანწალა ძაღლი მიძუნძულებდა უმიზნოდ.რაღაცით მგავსო-გაიფიქრა,გამხდარი ტანით უკან შემოტრიალდა და სახლის გზას დაადგა.

უკვე ჩვევად გადაქცეოდა უცნობ ქუჩებზე გაუთავებელი ხეტიალი წვიმასა თუ ქარში,უფრო სწორად , სწორედ  ქარი და წვიმა შთააგონებდა სახლიდან გასვლას.

ფიქრებიდან რომ გამოერკვა,უკვე სახლის ზღურბლზე იდგა.ხის ძველი კარი ჭრაჭუნით გაიღო…ოთახში შესულ ადამიანს პირველ რიგში სიგარეტის მძაფრი სუნი ეცემოდა,რომელსაც თითქოს კვალად ემჩნია ის ერთფეროვანი დღეები,მარტოობაში რომ ატარებდა.იატაკზე მუდამ წიგნები იყო მიმოფანტული,წიგნები და ღვინის ცარიელი ბოთლები.მარტოსული ადამიანისთვის იდეალური საცხოვრებელი იყო,ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობდა მატეო.

Continue reading

ღამის ტრაგედია

უბედურ ადამინებს ღამე უძილობა სჩვევიათ.

მთელი დღე სუნთქვით  დაღლილ, მობეზრებულ სხეულს რომ მიაგდებ ცივ ლოგინზე და კედელს მიაშტერდები ცარიელი თვალებით ,მაშინ იწყება მთელი უბედურება…

კედელი კედელიაო-იტყვის მავანი.ჰეჰ,მავანო,შენ ღამე არ გინახავს კედელი როგორ საშინელ მუტანტად გადაიქცევა ხოლმე.კაცობრიობის მთელ ამაოებას ინახავს თითქოს და მთვარის შუქს ელოდება რომ ყველა ბინძური საიდუმლო გაგიმხილოს . როგორ არ იბზარება და ინგრევა ნეტავ…

გვერდით გაიხედავ და ახლა მეორე კედლიდან გიმზერს მარტოობა,სასოწარკვეთა,სევდა …ღმერთო,საიდან ამხელა ირონია  ამ პატარა ცივ კედლებს?!

მერე შიშით გადამაქვს მზერა ფანჯრისკენ ,ჩემს წინ მდგარ ჭუჭყიან კორპუსს ვარიდებ თვალს და მის მიღმა  სამ მაღალ ხეს ვუმიზნებ დაღლილ თვალებს.თითქოს სული ყვირის შიგნიდან აი სწორედ ამას ვეძებდიო და მეც გახარებული თვალს არ ვაშორებ სიბნელისგან ჩამუქებულ ფოთლებს.

Continue reading